კობახიძე „ნაციონალებს“: ვერცერთ საყვედურს ვერ მივიღებ იმ ძალისგან, რომელიც დღეს რეგლამენტის დარღვევით იყო დაკავებული
ოპოზიცია პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განცხადებებისთვის კიდევ ნახევარი საათის დამატებას ითხოვდა, რასაც კამათი, დაპირისპირება მოჰყვა.
საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნის საპასუხოდ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა მანანა კობახიძემ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს პარლამენტის რეგლამენტთან დაკავშირებით ტრენინგის გავლა ურჩია და პროცედურები განმარტა.
“დღეს რეგლამენტის თანახმად, რეგლამენტის დაცვით, მისი 137-ე, 138-ე, 159-ე მუხლების გათვალისწინებით სრულიად კანონიერად გამოვყავი 30-წუთი განცხადებებისათვის. არავითარი შეთანხმება ბიუროს სხდომაზე განცხადებებთან დაკავშირებით არ ყოფილა. ბიუროს სხდომაზე ითქვა, რომ იმის მიხედვით, რა დრო დასჭირდებოდა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტის განხილვის დასრულებას, გადაწყდებოდა, გაგრძელდებოდა თუ არა დრო განცხადებებისთვის, ხოლო ამის გადაწყვეტის
უფლება ერთპიროვნულად აქვს სხდომის წამყვანს. აქედან გამომდინარე, დღეს სრულიად ლეგიტიმურად მქონდა უფლება იმისა, რომ დრო არ გამეგრძელებინა და საკითხი არც კენჭისყრაზე დამესვა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ამ მოთხოვნას აყენებდით, გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარ თავზე არ ავიღე, საკითხი კენჭისყრაზე დავსვი და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობის გათვალისწინებით მივიღე. ამის შემდეგ გამომსვლელებისთვის მიცემულ იქნა კანონით განსაზღვრული დრო და აქ არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ვერცერთ საყვედურს ვერ მივიღებ იმ ძალისგან, რომელიც დღეს მხოლოდ დესტრუქციით, სხდომის ჩაშლით, კანონის დარღვევით, რეგლამენტის დარღვევით იყო დაკავებული”, – განაცხადა კობახიძემ.