ირაკლი სესიაშვილი: დარწმუნებული ვარ, ეს კვლევა რეალობას არ ასახავს
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების გამოქვეყნებას უნდობლობას უცხადებს. როგორც მან საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, პარტია შიდა კვლევებს ატარებს, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ რეიტინგი საკმაოდ მაღალია და სხვა ძალებს რამდენჯერმე უსწრებს. ამასთან, სესიაშილის თქმით, სოციოლოგიურ კვლევებს ის ორგანიზაციები ატარებენ, რომლებიც პირდაპირ მიბმულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
„რა თქმა უნდა, კვლევებს ნდობას ვერ გამოვუცხადებ. დარწმუნებული ვარ, ეს კვლევა რეალობას არ ასახავს. თქვენ იცით, რომ ჩვენ შიდა კვლევებს ვატარებთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თვითკმაყოფილები არ ვიყოთ. ჩვენი პარტიის რეიტინგი საკმაოდ მაღალია და სხვა ძალებს რამდენჯერმე უსწრებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას მარტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს წარუდგინა. კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3 900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.