ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოხდა (ვიდეო)
ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი და “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გია ბარამიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სხდომაზე ცხარე კამათი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრას მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობამ მათ მიერ მომზადებული და პარლამენტის დღის წესრიგში შეტანილი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტისთვის რიგითობის შეცვლა და წინა საკითხად გადმოწევა მოითხოვა.
ბიუროს სხდომაზე უმცირესობის დეპუტატ გია ბარამიძეს გია ვოლსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს რეზოლუცია უკვე მიღებული აქვს, უმცირესობა კი მოვლენებს ჩამორჩა. აღნიშნულ განცხადებას გია ბარამიძის რეპლიკა და დეპუტატებს შორის ცხარე კამათი მოჰყვა. ვოლსკიმ განაცხადა, რომ უმცირესობა მოვლენებს ჩამორჩა და მათი მხრიდან სიტუაციის ისე წარმოჩენა ხდება, თითქოს საკითხის განხილვა პარლამენტში არ სურთ.