სერგეი შამბა: კონფლიქტის მოგვარების შესაძლო ვარიანტები უკვე ისტორიის სფეროს ეკუთვნის
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერის სერგეი შამბას განცხადებით, საქართველოსთან ყველანაირი საუბარი კონფლიქტის მოგვარების შესაძლო ვარიანტებზე, უკვე ისტორიის სფეროს ეკუთვნის. სერგეი შამბას განმარტებით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ სამუდამოდ დახურა კონფლიქტის მოგვარების სხვა ვარიანტის განხილვის შესაძლებლობის საკითხი, გარდა საქართველო – აფხაზეთის ურთიერთაღიარებისა.
“მე ზემოთ ვახსენე, რომ სხვდასხვა დროს, სხვდასხვა პროექტები განიხილებოდა. 2008 წლამდე მოლაპარაკებები ინტენსიურ ხასიათს ატარებდა. მათში აქტიურად მონაწილეობდნენ გავლენიანი ძალები. საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის ბოლო მოდელი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, რუსეთის ფედერაციის საგარეოს საქმეთა მინისტრის, პრიმაკოვის წინადადება გახლდათ და მეტწილად, კონფედერაციული იყო, თუმცა ის სწორედ ქართულმა მხარემ უარყო. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო – ყველანაირი საუბარი კონფლიქტის მოგვარების შესაძლო ვარიანტებზე, რომელსაც 1994-2008 წლებში ჰქონდა ადგილი, უკვე ისტორიის სფეროს ეკუთვნის.
აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ სამუდამოდ დახურა კონფლიქტის მოგვარების სხვა ვარიანტის განხილვის შესაძლებლობის საკითხი, გარდა საქართველო – აფხაზეთის ურთიერთაღიარებისა, რაც უდავოდ იმპულსს მისცემს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის აღდგენას. ჩემთვის ნათელია, რომ ეს ორივე მხარის მთავარ ამოცანად უნდა იქცეს”,- აღნიშნა შამბამ “ლაივპრესთან” ინტერვიუში.
ამასთან, სერგეი შამბამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ 2006 წელს, თბილისში ვიზიტის ფარგლებში, რა საკითხებზე გაიმართა მსჯელობა და რა დოკუმენტები ჩაიტანა აფხაზეთში, ვერ იტყვის.
“აღნიშნული შეხვედრის მოლაპარაკებებში, მხოლოდ მე არ ვმონაწილეობდი. ქართული მხრიდან მე ასევე მყავდა პარტნიორები. მაგალითად, ბატონები მენაღარიშვილი, ადამია, ხაინდრავა, იაკობიშვილი, ალასანია და სხვა. მათთან შეთანხმების გარეშე არ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, კონკრეტულად, რა საკითხებზე მიმდინარეობდა მსჯელობა და რა დოკუმენტები მუშავდებოდა”, – აცხადებს სერგეი შამბა.