აჭარაში მზარეულების გადამზადება დასრულდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში 70-მდე მზარეული გადამზადდა. ტრენინგების ბოლო ეტაპი ხულოსა და ხელვაჩაურის მზარეულებს ჩაუტარდათ. ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და
კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთკვირიანი ტრენინგების პრაქტიკული სწავლებები ითვალისწინებდა სწავლებებს ფრინველის დამუშავების, ფრინველის კერძების მომზადების, ხორცეულის დამუშავების ტექნოლოგიებსა და კერძების მომზადების, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის მომზადების მიმართულებით.

“ტრენინგების მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაა. ტრენინგების ბოლო დღე ქათმის კერძების მომზადებას დაეთმო, სადაც მზარეულებმა ტრენერთან ერთად ჩახოხბილი, ჩქმერული, ქათმის სალათი და სხვა კერძები მოამზადეს. ტრენინგები 11 მაისს ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და ივნისის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით აქტიურად მიმდინარეობს სერვისის ასამაღლებელი ღონისძიებები. ამ ეტაპზე, აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება მიმდინარეობს, ხოლო დასასრულს უახლოვდება დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგ-კურსი. დამწყები გიდების გადამზადების სამთვიანი უფასო პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ჩაუტარდა ბარმენებს, მიმტანებსა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებსაც”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები