ზაალ კასრელიშვილი: გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა NDI-ს კვლევებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მე-5 ადგილზე
ექსპერტი, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი NDI-ს კვლევების ჩატარების მეთოდიკას არასარწმუნოდ მიიჩნევს. მისთვის გაუგებარია, რა პრინციპით აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მე-5 ადგილზე მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, სწორედ ტერიტორიულ მთლიანობას მიიჩნევს.
„გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მე-5 ადგილზე. როგორ ჩანს, ასეთი რიგითობა იყო დასმული. თუ ამ კითხვას პირველ რიგში დასვამთ, პირველ რიგში გაგცემენ პასუხს და თუ მეათე შეკითხვა იქნება, მაშინ, ბუნებრივია, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მეათე ნომრად გადაიწევს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, საქართველოს აქვს ორი გამოწვევა: პირველ ადგილზეა ეკონომიკური კეთილდღეობა და მეორე ადგილზეა ტერიტორიული მთლიანობა. ვერ გავიგეთ, რომელ კონტინგენტში ჩაატარეს კვლევები ერთი მარტივი მიზეზის გამო. ლტოლვილებში რომ ჩაეტარებინათ, აუცილებლად, პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობა იქნებოდა. არ შეიძლება ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვეს ორგანიზაციის სუბიექტურ აზრს“, – განაცხადა კასრელიშვილმა დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.