გიორგი კვირიკაშვილი: ინვესტირების მხრივ მთავარი პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ტრანსპორტი

საქართველოში ინვესტირების მხრივ მთავარი პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ტრანსპორტი/ლოგისტიკა, – ამის შესახებ საერთაშორისო ჟურნალ Caspian Energy-სთან ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა განაცხადა.
„მინდა ხაზგასმით გამოვყო ენერგეტიკის სექტორი, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ენერგორესურსების მზარდი მოხმარება, რასაც ერთვის გამოუყენებელი ჰიდრორესურსების დიდი მარაგი, ქმნის მყარ საფუძველს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. გარდა ამისა, კარგად განვითარებული კავშირები მეზობელ ქვეყნებთან და კონკრეტული საექსპორტო ბაზრების ხელმისაწვდომობა გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ადგილობრივი ჰიდრორესურსების ექსპლუატაციის მასშტაბი გამარტივებული და გამჭვირვალე რეგულაციების გზით.
მთავრობამ ხელი მოაწერა აგრეთვე ათობით ურთიერთგაგების მემორანდუმს ინვესტორებთან, რაც მიზნად ისახავს ყველა ზომის ელექტროსადგურების შექმნას. მდიდარი ჰიდრორესურსების გარდა, ჩვენ განვავითარებთ სხვა ალტერნატიულ ენერგორესურსებსაც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიდროელექტროსადგურების პროექტები უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე ქარისა და მზის ენერგიის პროექტები. მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს მუშაობა ქარის ენერგიის პირველ პროექტზე (20 მეგავატი, რომელიც შეიძლება 100 მეგავატამდეც გაიზარდოს). ახლახან ამოქმედდა სუფთა აზომვის რეგულაცია, რომლის მიზანიცაა საბოლოო მომხმარებელთა სტიმულირება. გარდა ამისა, განიხილება რამდენიმე პროექტის იდეა, რომელთა მიზანიცაა ბიომასისა და გეოთერმული რესურსების გამოყენება სოფლად და ენერგოქსელის მიღმა მდებარე ტერიტორიებზე გათბობის უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები