საქართველო ვაშინგტონში ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვეს

საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში მონაწილეობა მიიღო ბირთვულ – ინდუსტრიის სამიტის ფარგლებში გამართული დაჯილდოების ცერემონიაში, რომელზეც საქართველოს ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო – „ატომები მშვიდობისათვის“ გადაეცა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დაჯილდოების გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებული გავლენა საქართველოს ინიციატივით მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის ფაქტმა იქონია.
მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციით ქვეყანამ აღასრულა 2014 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კომუნიკეში გათალისწინებული შეთანხმება, შეამციროს საკუთარ ტერიტორიაზე მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი, რის შედეგადაც საქართველომ ბირთვული თვალსაზრისით თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს დელეგაციის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე.
ბირთვული ინდუსტრიის სამიტი წარმოადგენს ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად მიმდინარე ოფიციალურ ღონისძიებას, სადაც არასახელმწიფო აქტორების მონაწილეობით განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სტრატეგიული ბირთვული და რადიოლოგიური მასალების გამოყენება, შენახვა და ტარნსპორტირება, ასევე, კიბერ საფრთხესთან დაკავშირებული საკითხები. მასში მონაწილეობა მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელმა მიიღო. ჯილდო „ატომები მშვიდობისათვის“ 2016 წლის ბირთვული ინდუსტრიის სამიტის ფარგლებში მსოფლიოს 17 სახელმწიფოს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები