თბილისში დაბეჭდილი ყალბი ფულით გურიაში თხილი შეიძინეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კვიჭიძე გ. და 1977 წელს დაბადებული, ასევე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ღამბაშიძე გ. დაბა ჩოხატაურში, ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების – ღამბაშიძე გ-ს პირადი ჩხრეკისას 31 ცალი ყალბი 20-ლარიანი და 6 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა; ხოლო კვიჭიძე გ-ს პირადი ჩხრეკისას – 6 ცალი ყალბი 20 ლარიანი და 2 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ყალბი კუპიურების თანხამ საერთო ჯამში 1040 ლარი შეადგინა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ყალბი კუპიურები თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, უცხოური წარმოების, ფერადი ლაზერული პრინტერის საშუალებით დაამზადეს.
გასაღების მიზნით, ისინი ჩოხატაურის რაიონში ჩავიდნენ, „საკოლმეურნეო ბაზარში“ 2 ტომარა თხილი შეიძინეს და საფასური ყალბი ფულით გადაიხადეს.
პოლიციამ ყალბი ფულის დასამზადებელი ორივე აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები