აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოსახლეობას ევროპაში ახალი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები ევროპაში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ გააფრთხილა. ეს გაფრთხილება ამერიკის უწყებამ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ გაავრცელა, რომლებზეც „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ტერორისტული დაჯგუფებები ევროპის ტერიტორიაზე მორიგ თავდასხმებს გეგმავენ. მათი სამიზნეები შეიძლება გახდეს სპორტული ღონისძიებები, ტურისტების თავშეყრის ადგილები, რესტორნები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია ამ განცხადებაში.
რამდენიმე ამერიკული ქალაქის აეროპორტებსა და სარკინიგზო სადგურებში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. ამასთანავე, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ამერიკის ხელისუფლებას ინფორმაცია არა აქვს. ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროპოლიტენის სადგურ მაელბეკზე მომხდარი ტერაქტების გამო, რასაც ადამიანების დაღუპვა მოჰყვა, ბელგიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ტერაქტების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები