„ეროვნული ფორუმის“ წევრი: არჩევნებში ბარიერის გადალახვა ჩვენი პარტიისთვის სირთულეს არ წარმოადგენს

„რთული სათქმელია, მივა თუ არა კოალიცია ამ შემადგენლობით არჩევნებამდე, თუ გავითვალისწინებთ, რომ უმრავლესობაში შემავალი დეპუტატები შემოდიან წინადადებით და აფიქსირებენ აზრს, რომ ყველა პარტიამ მიიღოს დამოუკიდებლად მონაწილეობა“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „ეროვნული ფორუმის“ წევრმა სოსო ვახტანგიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ვახტანგიშვილის თქმით, „ეროვნული ფორუმი“ აპირებს, მარტში დაგეგმილ ყრილობაზე საკუთარი პარტიის წევრებს ჰკითხოს, სურთ თუ არა მათ კოალიციაში დარჩენა და როგორ ისურვებენ არჩევნებში მონაწილეობას.
„კოალიციაში მიმდინარე პროცესები რთული და დაძაბულია, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ იმ პარტიების ლიდერები გააკეთებენ განცხადებებს ამ საკითხზე, რომელთა პარტიებშიც ეს დეპუტატები შედიან. რაც შეეხება „ეროვნულ ფორუმს“, ჩვენთვის ცალკე გასვლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება პარტიის ყრილობამ უნდა მიიღოს, რომელიც მარტის თვეში შედგება. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა უნდა ეკითხებოდეს თავიანთი პარტიის წევრებს, თუ როგორ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ყრილობა, იმას დავემორჩილებით. ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვა და არ არის ეს ისეთი პრობლემატური, როგორც შესაძლოა, სხვა პოლიტიკური პარტიისთვის იყოს“,- განაცხადა სოსო ვახტანგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები