გახდება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, დღის ბოლოს გახდება ცნობილი
„დაინიშნება თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე, დღის ბოლოს გახდება ცნობილი“, – ამის შესახებ „კვირას“ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, ილია მეტრეველმა განუცხადა.
მისი თქმით, მან ირაკლი ოქრუაშვილს საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოსტი რამდენიმე დღის წინ შესთავაზა.
„პოლიტიკაში ყველაფერია მოსალოდნელი და არაფერია გამორიცხული. ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. თუმცა, დღის ბოლოს გადაწყდება. მე ირაკლი ოქრუაშვილს შევთავაზე ეს თანამდებობა, გვქონდა უკვე საუბარი და დღის ბოლოს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“, – აღნიშნა ილია მეტრეველმა.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობა დღემდე ნათია ომაძეს უკავია. როგორც „კვირას“ ილია მეტრეველმა განუცხადა, მას ნათია ომაძის გათავისუფლების ბრძანების შესახებ ამ ეტაპზე ხელი არ მოუწერია. ასევე, იგეგმება მეორე თანაშემწის დათხოვნაც. არსებული ინფორმაციით, მის ნაცვლად ქართული პარტიის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ერგემლიძე დაინიშნება.