გიორგი მარგველაშვილი: საქართველომ შეძლო, დაემყარებინა პარტნიორული ურთიერთობა ევროკავშირთან
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს მეოთხე გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს პარტნიორებს და მეგობრებს, ბოლომდე იქნება ათვისებული.
“ქართული მისიები და სამხედროები ძალიან აქტიურები არიან ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რადგან გვჯერა, რომ პასუხისმგებლობის გაზიარება და პარტნიორობის სულისკვეთების ჩამოყალიბება არის ის, რაც უკეთეს მომავალთან მიგვიყვანს”. მაგრამ არა მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა ის უდიდესი პროექტები, რომელთა განხორციელებისათვისაც ვთანამშრომლობთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან. ეს არის სატრანსპორტო პროექტები, რომელსაც აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთობლივად ვავითარებთ; ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვქმნით; ეს არის პროექტები, რომლებშიც მონაწილეობენ კასპიის ზღვის ქვეყნები, მაგალითად, თურქმენეთი, მეტი აქტიური ჩართულობით რეგიონში. ჩვენ ვქმნით მნიშვნელოვან პროექტებს ჩემს მეგობარ ბულგარეთის პრეზიდენტთან ერთად. გვწამს, რომ უსაფრთხოება იქმნება მეტი მეგობრისა და მეზობლის მოპოვების გზითა და ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, TANAP-ისა და TAP-ის მილსადენები. ასევე, თანამშრომლობის სივრცის ჩამოყალიბებითა და მთელ მსოფლიოში მეგობრობის დამყარებით. მჯერა, რომ ჩვენი ამბიციები და მსგავსი დამოკიდებულება გაიმარჯვებს. მწამს, რომ ის შესაძლებლობები, რასაც საქართველო სთავაზობს მის პარტნიორებს და მეგობრებს ბოლომდე იქნება ათვისებული. საქართველო შესაძლებლობას სთავაზობს კონტინენტის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 14 სახელმწიფოდან 8 ქვეყნას, გამოიყენოს მისი ინფრასტრუქტურა და ამით უზრუნველყოფს მათთვის სანაპიროზე წვდომას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო, დაემყარებინა პარტნიორული ურთიერთობა – თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა, პრაქტიკულად ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან, ასევე ევროკავშირთან.
“მსგავს პროექტები – თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის დამყარება, დღის წესრიგშია ჩინელ მეგობრებთან და აშშ-თან. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად ღია ვართ პარტნიორობისთვის და როგორი პრინციპულები ვართ, როდესაც იხრებიან ჩვენი ეროვნული ინტერესებისკენ. სწორედ ამ ფორუმის მეშვეობით, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც შესაძლოა მოვიძიოთ რეგიონში. გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმ გადაწყვეტილებებზეც, რომელთაც მოაქვთ ახალი შესაძლებლობები და განსაკუთრებით ხელს უწყობენ ჩვენი რეგიონის – კავკასიის რეგიონის მშენებლობას, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვან ნაწილს. ჩვენ უკვე შევქმენით ამ დიდი თანამშრომლობის მაგალითი, რომლიდანაც ყოველი მონაწილე მხარე სარგებელს იღებს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.