გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი მეზობლებისათვის უმჯობესია თანამშრომლობის ხიდებისა და პარტნიორობის შენება
საქართველომ განიცადა საფრთხე და ოკუპაცია მისი მეზობლისგან, რუსეთის ფედერაციისაგან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს მეოთხე გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან.
“ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა მეგობარ აზერბაიჯანში – ბაქოში დაბრუნება, პარტნიორობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებისა და იმ დიდი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ აღქმა, რომელთაც ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვიზიარებთ. ღრმად მწამს, რომ ის ღირებულებები და საკითხები, რომელთაც აქ განვიხილავთ, სწორედ, რომ ისეთი დიდი პოეტის სულისკვეთებით უნდა განიხილებოდეს, როგორიცაა ნიზამი განჯელი. ეს ის სულისკვეთება და გარემოა, რომელიც ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ, გავაუმჯობესოთ და გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებში. მე ვარ ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა განსხვავებული პოლიტიკური კონფრონტაციები და ოკუპაცია.
საქართველომ განიცადა საფრთხე და ოკუპაცია მისი მეზობლისგან, რუსეთის ფედერაციისაგან. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია; ჩვენი მოსახლეობის 15%-მდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან. ეს ის გარემოა, რომელშიც ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვცხოვრობთ. ჩვენ ეს განსაცდელი გვქონდა 90-იან წლებში და შემდეგ, კვლავ, 21-ე საუკუნეში – 2008 წელს რუსული ოკუპაციის შედეგად.
ჩვენთვის მიუღებელი იყო დიდი ქვეყნებისათვის განსაკუთრებული გავლენის ზონების არსებობა. ვამტკიცებდით, რომ ეს განმეორდებოდა სხვა ადგილებშიც და, სამწუხაროდ, გასულ წელს, ჩვენ გავხდით მსგავსი დრამატული სიტუაციის განვითარების მოწმე ჩვენს მეზობელ უკრაინაში; შედეგად, ყირიმი ოკუპირებულია და აღმოსავლეთ უკრაინაში ომი მიმდინარეობს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო ასრულებს ძალიან საპასუხისმგებლო როლს, როდესაც საქმე ეხება გლობალურ უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლას.
“ვამტკიცებთ, რომ ჩვენი მეზობლებისათვის უმჯობესია თანამშრომლობის ხიდებისა და პარტნიორობის შენება, ვიდრე წინააღმდეგობისა და ოკუპირებული ტერიტორიების შექმნა და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავად არის ოკუპირებული, საქართველო ასრულებს ძალიან საპასუხისმგებლო როლს, როდესაც საქმე ეხება გლობალურ უსაფრთხოებასა და ტერორიზმთან ბრძოლას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.