„დიდი რვიანის“ სამიტი სოჭში აღარ გაიმართება
„დიდი შვიდეულის“ შეკრება სოჭის ნაცვლად ივნისში ბრიუსელში ვლადიმერ პუტინის გარეშე გაიმართება. გადაწყვეტილება მსოფლიოს 7 წამყვანი ქვეყნის ლიდერებმა ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ჰააგაში ვლადიმერ პუტინის გარეშე მიმდინარეობს, იქ იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მისი თქმით, მოსკოვი „დიდი რვიანის“ ფორმატს არ ჩაებღაუჭება და მას დიდ დანაკლისად არ მიიჩნევს. “თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ “დიდი რვიანის” ფორმატმა საკუთარი თავი ამოწურა, ჩვენ არ ჩავებღაუჭებით მას. არ ვფიქრობთ, რომ დიდი დანაკლისი იქნება, თუ “დიდი რვიანი” არ შეიკრიბება. რაც შეეხება უკრაინას, ქვეყანას საკონსტიტუციო რეფორმების გატარება ესაჭიროება, რომელშიც ქვეყნის რეგიონების ინტერესები იქნება გათვალისწინებული, ამის გარეშე შეუძლებელია ღრმა კრიზისის დაძლევა”,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.