კახა კალაძე გივი თარგამაძეს: გადმორიცხულია თანხები, ბანკი არის – „სულს ამოგხდით“
საქართველოს ენერეგეტიკის მინისტრის კახა კალაძის პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა დასრულდა. კახა კალაძემ უმცირესობის წევრის, გივი თარგამაძის ბრალდებებს ხუმრობით უპასუხა.
როგორც კალაძემ განაცხადა, გუშინ ღამით მას დოკუმენტი მიაწოდეს, რომლითაც რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხულია თანხები. რაც შეეხება თანხის გამოყენებას, კალაძის თქმით, თანხები განკუთვნილია მახათებისა და ალკოჰოლის შესაძენად. ამასთან, თარგამაძეს კალაძემ განუცხადა, რომ მან იცოდა, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში შოუ დაიდგმებოდა, თუმცა ის ამას დათანხმდა და დღეს იხილა შოუ, სადაც „ნაციონალების“ მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომლებიც სიცრუესა და დემაგოგიაზე იყო დაფუძნებული.
„გუშინ ღამე დოკუმენტი მომაწოდეს, სადაც რუსეთიდან საქართველოში არის გადმორიცხვები. გადმორიცხულია თანხები. გადმომრიცხავია ციციკორე კუკუმაშვილი, მეტსახელად ბუღა. ბანკი არის „სულს ამოგხდით“, რომელმაც 7 450 000 ლარი გადმორიცხა. მიმღები ბანკია საქართველოში „ბოლო გაფრთხილება“ და მიმღებია გივი თარგამაძე. ხოლო რაც შეეხება თანხის გამოყენებას, ეს განკუთვნილია მახათებისა და ალკოჰოლის შესაძენად. იმედი მაქვს, გივი თარგამაძე ამ საკითხზე განცხადებას გააკეთებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.