სოფლის მეურნების მინისტრი EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მისი მოადგილეები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსიაში ბრუნო ბალვანერას, EBRD-ის აგრობიზნესის მრჩეველთა სამსახურის უფროსს, ვიქტორია ზინჩუკს და EBRD-ის აგრობიზნესის ჯგუფის ხელმძღვანელს თურქეთსა და კავკასიის რეგიონში ნადია პეტკოვას შეხვდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ოთარ დანელიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და დარგის განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც სახელმწიფომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა, დარგის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან აგროსექტორით დაინტერესების ზრდას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრება.