უსუფაშვილი: თავდაცვის მინისტრის დაცვა გამიჭირდება – ამას არ გავაკეთებ

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია პასუხისმგებელია მთავრობის სწორ ფუნქციონირებაზე და მინისტრები ვალდებულნი არიან, მის მითითებებს და ხედვას მიჰყვნენ. მისი განცხადებით, ის არ შეეცდება თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის დაცვას, თუმცა მან ისიც განმარტა, რომ ხიდაშელი ჩართული აღმოჩნდა ისეთ საჯარო დებატებში, რომლებიც უშუალოდ მის კომპეტენციას ეხებოდა.
„თავდაცვის მინისტრის დაცვა გამიჭირდება – ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ, მიგანიშნებთ იმ ფაქტზე, რომ თავდაცვის მინისტრი არ ჩართულა საჯარო დებატებში საკითხზე, რომელიც, ვთქვათ, ყურძნის მოსავალს ეხებოდა. თავდაცვის მინისტრი ჩართული აღმოჩნდა საჯარო დებატებში იმ საკითხზე, რომელიც უშუალოდ მის კომპეტენციაში და მის უწყებაში შემავალ საკითხებს უკავშირდებოდა. ამიტომ მთლად გვერდზე გასვლა ამ თემიდან შეუძლებელი იყო. გარკვეული საჯარო აქტიურობა უფრო მოჰყვა იმას, რომ კონკრეტული ბრალდებები წამოვიდა არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის თუ უმრავლესობაში შემავალი პირების მხრიდან, არამედ საქართველოს პროკურატურის მხრიდან, როცა პროკურატურა საქმეში ჩაერთო“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ უსუფაშვილი პროკურატურის მიერ საგარეჯოს არჩევნებზე გამოძიების დაწყებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როცა პროკურატურა საკითხის გარკვევაში ერთვება, თითქმის გარდაუვალი აუცილებლობაა იმისა, რომ რაღაც საკითხები განიმარტოს და სიცხადე შევიდეს.
„კარგი ამბავი არის ის, რომ პრემიერ-მინისტრის, მინისტრის და ჩვენი მცდელობითაც ეს საკითხები არის გადასული იმ ჩარჩოში, რომელშიც აღმოჩნდა. ცალკე საკითხია, იყო თუ არა რაიმე გასარკვევი, სწორი იყო თუ არა რაიმეს საერთოდ დაწყება, ვის რა პოლიტიკური ინტერესი აქვს – დღეს ამ ვითარებაში ვართ, ამიტომ ყველა თანამდებობის პირმა ჩვენი საქმის კეთება უნდა გავაგრძელოთ, რადგან საქმეში ის თანამდებობის პირები ჩაერთნენ, რომელთაც მეტი კითხვის დასმის უფლება და საშუალება აქვთ. ასე რომ, ამ თემაზე რაიმე კითხვა ამ წუთის მდგომარეობით არ არსებობს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები