მანანა ნაჭყებია ახალი საგნის: „მე და საზოგადოების“ დანერგვას საჭიროდ მიიჩნევს

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ახალი სასკოლო საგნის – „მე და საზოგადოების“ შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ურა პატრიოტები“ მოსახლეობაში ქულების დაწერას ცდილობენ, თითქოს ტრადიციების, ცნობიერების და ქართველობის სადარაჯოზე დგანან. პოლიტიკური ლიდერის შეფასებით, აღნიშნული საგნის დანერგვა საჭიროა, რადგან ის მოსწავლეებს ასწავლის, როგორ გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
„ამ საგნის ირგვლივ არსებულ პერიპეტიებს კარგად გავეცანი. ეს სახელმძღვანელო (როგორც არის მისი გეგმა შედგენილი) ემსახურება იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდობა სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყოს. მას ჰქონდეს სამოქალაქო ცნობიერება, იყოს თავის ქვეყნის პატრიოტი, იყოს გარემოს მიმართ განწყობილი ისე, რომ თვითონ კი არ დაარღვიოს, არამედ სხვასაც შეუშალოს ხელი იმაში, რომ გარემოს რაიმე ზიანი მიაყენოს, იყოს სოციუმის წევრი და იცოდეს, როგორ სცეს უფროსებს პატივი, როგორ მოიქცეს ოჯახში, როგორ მოექცეს თავის მეგობრებს და როგორ უზრუნველყოს ის, რომ მისი პირადი ჰიგიენა არ იყოს შემაწუხებელი სხვებისთვის. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა და ნუ ვიწყებთ იმას, რომ გვჭირდება აღზრდა და გაზრდა.
„ურა პატრიოტებს“ უნდათ ქვეყნის მოსახლეობაში რაღაც ქულები დაიწერონ, რომ თითქოს ისინი ჩვენი ტრადიციების, ცნობიერების და ქართველობის სადარაჯოზე დგანან და სხვა ადამიანები, ვისაც საქართველოსთვის ევროპული კურსი და ევროპული ღირებულებები გვინდა, ვრყვნით ახალგაზრდობას. ერთი გვითხრან, ევროპულ საზოგადოებაზე, აშშ-ზე უფრო პურიტანული, უფრო ოჯახზე და ოჯახის სიწმინდეზე ორიენტირებული რატომ ჰგონიათ საქართველო“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები