დავით ზალკალიანმა გაეროში მდგრადი განვითარების საკითხზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სიტყვით გამოვიდა მაღალი დონის პანელზე: „human rights mainstreaming“.
ღონისძიება მთლიანად დაეთმო “2030 მდგრადი განვითარებისა და ადამიანის უფლებების“ დღის წესრიგს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ საკუთარი გამოსვლა მთლიანად დაუთმო მდგრადი განვითარების საკითხებზე საქართველოს მიდგომებსა და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს.
დავით ზალკალიანმა ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე. მისი განცხადებით, მოსახლეობის ჯანმრთელობის და ჯანსაღი წესით ცხოვრების უზრუნველყოფა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. მან წარმატებულ მაგალითად მოიყვანა C ჰეპატიტის პროექტი და ასევე საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა კარგი მმართველობის სფეროში რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში მმართველობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში. მდგრადი განვითარების პროგრამის მთავარ პრიორიტეტად რჩება გენდერული თანასწორობის საკითხი.
მინისტრის მოადგილემ ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღნიშნა გასულ წელს საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გამართვა. მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ფაქტი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები