„პეტრიაშვილის საქმეზე ჩემსა და პრემიერს შორის დამაიმედებელი საუბარი გაიმართა“

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ახლო მომავალში, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები შს მინისტრს შეხვდებიან.
ალასანიამ პრემიერს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ კვირიკაშვილი დაინტერესდა პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და გამოხატა ყველანაირი მხარდაჭერა. ირაკლი ალასანიას თქმით, პრემიერმა აღნიშნა, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტი გამოუძიებელი არ დარჩება.
„ალექსი პეტრიაშვილის მდგომარეობა არის სტაბილური და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნონ. მინდა ასევე საგანგებოდ გითხრათ, რომ მქონდა კომუნიკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან. მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო მას, რომ დაინტერესდა პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და დაგვპირდა, რომ ყველანაირი მხარდაჭერა, ასევე, სამედიცინო რესურსების კუთხითაც, მოხმარდება მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. პრაქტიკულად, ძალიან დამაიმდებელი საუბარი შედგა ჩვენ შორის. მას იმ ინფორმაციის ნაკადით, რაც აქვს შსს-დან, საფუძველს აძლევს თქვას რომ, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა არ დარჩება გაუხსნელი. რადგან ცხელ კვალზე ვერ მოხდა საქმის გახსნა, ნელ-ნელა იმედი მეწურებოდა, რომ შედეგი დაიდებოდა, თუმცა შსს-ს ჰყავს მაღალი დონის სპეციალისტები, რომ ეს საქმე გამოიძიოს და დღეს, პრემიერთან საუბრის შემდეგ, ეს იმედი ისევ გამიჩნდა. იმედია, ძალიან მალე, ის ადამიანები ვინც ეს ცინიკური, არაქრისტიანული, ამორალური დანაშუალი ჩაიდინა, პასუხს აგებენ. მეორეს მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობა ახლა უკვე დეტალებშია ინფორმირებული. მქონდა არაერთი შეხვედრა, დამიკავშირდნენ საერთაშორისო დიპლომატები, დაიწერა ამ საკითხზე, რაც ვნებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. გიორგი კვირიკაშვილმაც აღნიშნა, რომ ეს არ იყო თავდასხმა მხოლოდ “თავისუფალი დემოკრატების” წინააღმდეგ, ეს იყო გამოწვევა მთელი ქვეყნის და მათ შორის, მთავრობისაც. ასევე შევთანხმიდთ, რომ  შს მინისტრთან შეხვედრა ჩვენი წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება“, – განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, “თავისუფალი დემოკრატების” წევრები ითხოვენ, რომ საქმის მსვლელობა მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები