სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა
სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რის შესახებაც აშშ-ის და რუსეთის ხელისუფლება შეთანხმდნენ, ოფიციალურად ძალაში შევიდა. ცეცხლის შეწყვეტა 27 თებერვლის ღამის 00:00 საათიდან ამოქმედდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საბჭოში აცხდებენ, რომ 27 თებერვლის დადგომის შემდეგ შეთანხმება მთლიანობაში სრულდება. უმნიშვნელო ორმხრივი სროლა დამასკოს და დერაას მიდამოებში დაფიქსირდა.
„შაბათი ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. ვფიქრობ, ჩვენ არაერთ მცდელობას ვიხილავთ, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – განაცხადა სირიის მოლაპარაკებაზე გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტაფან დე მისურამ.
ცნობისთვის, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვაშინგტონი და მოსკოვი 22 თებერვალს შეთანხმდნენ. სირიის ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერენ, ამასთანავე ისინი გარკვეულ პირობებსაც აყენებენ.