„საშიში პრეპარატების დანიშნულების გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, აფთიაქების მიმართ სასჯელი უნდა გამკაცრდეს“

„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სააფთიაქო ნარკომანიის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, სააფთიაქო ნარკომანია ქვეყანაში მკვეთრად შემცირებულია, თუმცა ამ დრომდე არსებობს რამდენიმე აფთიაქი, სადაც საშიში მედიკამენტები ყოველგვარი დანიშნულების გარეშე იყიდება.
ლაშა კილაძის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ არასაკმარისი და არაადეკვატურია ის სანქციები, რომლებიც აფთიაქს მსგავსი დარღვევისას ენიჭება.
კილაძე მიიჩნევს, რომ ამ მხრივ კანონი უნდა გამკაცრდეს და სააფთიაქო ნარკომანიის შემთხვევების დაფიქსირებისას პირველივე ფაქტზე აფთიაქის მფლობელს და მასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს სააფთიაქო სფეროში საქმიანობა უნდა აეკრძალოთ.
„ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც იყიდება აფთიაქში, გარკვეულმა პირებმა შესაძლებელია გამოიყენონ, როგორც ნარკოტიკი, მისი პირდაპირი მიღების გზით ან ინგრედიენტის სახით ნივთიერების დამზადებისას. მას შემდეგ, რაც გამკაცრდა ამ ტიპის პროდუქციის კონტროლი და პრაქტიკულად შეიზღუდა მათი თავისუფალ ბრუნვაში მოძრაობა, რეალურად კუსტარული ნარკოტიკების ბრუნვა საქართველოს ნარკოსივრცეში ძალიან შემცირებულია. არის რამდენიმე აფთიაქი, სადაც საშიში პრეპარატები ექიმის დანიშნულების გარეშე იყიდება. რეგულირების სააგენტომ შარშან ათეულობით ასეთი შემთხვევა გამოავლინა, მათი უმრავლესობა თბილისში მოქმედი აფთიაქი იყო. პრობლემა არის ის, რომ პასუხისგების და სასჯელის ფორმა არაადეკვატურია.
დარღვევების როგორც პირველ, ისე მეორე ასეთ ფაქტზე არის დაჯარიმება. ეს ჯარიმებიც მცირეა და გადახდა აფთიაქისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ამაზრზენი საქმიანობით ისინი იღებენ დიდ შემოსავლებს და მატერიალური კუთხით უღირთ ამ რისკზე წასვლა. ამ გამოწვევაზე ადეკვატური რეაგირება, ჩემი აზრით, იქნება ის, თუკი უკიდურესად გამკაცრდება ასეთ შემთხვევებზე აფთიაქების პასუხისმგებლობა და, ასეთი შემთხვევების, დაფიქსირებისას, პირველივე ფაქტზე აფთიაქის მფლობელს და მასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს აეკრძალოთ სააფთიაქო სფეროში საქმიანობა. შესაძლებელია ისიც, რომ სააფთიაქო რეგულაციები გამკაცრდეს“,- აღნიშნა ლაშა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები