ელისო ჩაფიძე: ვხედავ, რომ კომპანიის წარმომადგენლები გარკვეულ დათმობაზე აპირებენ წასვლას

გუშინ ღამით ტყიბულში მომხდარ ინცინდენტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე უარყოფითად აფასებს და ერთ-ერთ გამოსავლად მხარეების მოლაპარაკება მიაჩნია. როგორც ჩაფიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის აღდგენა, რომ არ დაზარალდეს როგორც დასაქმებული, ასევე დამსაქმებელი.
“აქცია გრძელდება იმიტომ, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა. ვხედავ, რომ კომპანიის წარმომადგენლები აპირებენ გარკვეულ დათმობაზე წასვლას. ვხედავ, რომ ბევრ საკითხზე არის შეთანხმება. ახლა საჭიროა, მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ორივე მხარისთვის მისაღები მემორანდუმი შეიმუშავონ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის აღდგენა, რომ არ დაზარალდეს როგორც დასაქმებული, ასევე დამსაქმებელი”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ და აღნიშნა, რომ მოვლენების დრამატულად განვითარებას არ ელოდება.
ამასთან, დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლებამ გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება გაკეთებულიყო.
“ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი გუბერნიის დონეზე, სამინისტროების დონეზე ჩართულნი იყვნენ პროცესში გაფიცვის დაწყების დღიდანვე. მთავრობას მივმართე და ყველა პრობლემა, რომელიც დავაყენე, მათი მხრიდან დღეისთვის გადაჭრილია”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
როგორც დეპუტატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მომავალ კვირას პარლამენტში ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი შევა, იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა შეღავათი, რომელიც დღემდე მოქმედებდა ტყიბულის და სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე, ძალაში დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები