აიუფ ბორჩაშვილი ჯიჰადისტ თარხან ბათირაშვილთან კავშირს არ უარყოფს

ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილი აცხადებს, რომ იგი ჯიჰადისტ თარხან ბათირაშვილს იცნობს, თუმცა, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს უარყოფს.
როგორც აიუფ ბორჩაშვილმა საქალაქო სასამართლოში პროცესზე დაკითხვისას აღნიშნა, ის ნამდვილად იცნობს ბათირაშვილს და მასთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა საუბარი შეეხებოდა პანკისის ხეობაში სკოლის აშენებას.

რაც შეეხება ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს, ბორჩაშვილი აღნიშნულს არ ადასტურებს.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა საქართველოდან არასრულწლოვანთა გამგზავრების საკითხზეც ისაუბრა. ბორჩაშვილმა წაყენებული ბრალი უარყო. პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდებულის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბავშვები, რომლებიც წავიდნენ საზღვარგარეთ, ბორჩაშვილთან კავშირში არ იყვნენ.
“ბორჩაშვილმა განაცხადა, რომ მასთან იყვნენ თხოვნით მისულები, რომ დახმარებოდა გამგზავრებაში. მან კატეგორიული უარი განუცხადა და ეს ბავშვები თავისით წავიდნენ. ეს ბავშვები აიუფ ბორჩაშვილთან გიორგი ბორჩაშვილმა მოიყვანა, რომელმაც დღეს პროცესზე განაცხადა, თითქოს აიუფ ბორჩაშვილმა გაამგზავრა ეს ბავშვები”, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
აიუფ ბორჩაშვილი 2015 წლის 14 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების გამო გადაბირებისთვის, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებაში ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებაში ადამაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები