„თი-ბი-სი არტ გალერეა“ გამოფენას – „ჩემი სახლი” მასპინძლობს

„თი-ბი-სი არტ გალერეაში“ გამოფენა „ჩემი სახლი” გაიხსნა. ექსპოზიცია სპეციალურად იტალიური საერთაშორისო არტპროექტისთვის – Vico Vitrri Arte შექმნილი მულტიმედიური პროექტის გაგრძელებაა, რომელიც 2015 წლის დეკემბერში პიზის პროვინციაში, XII საუკუნის უპიცინიგის კოშკში გამოიფინა.
“ჩემი სახლი” თანამედროვე ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენაზე მამია მალაზონიას, ირაკლი სუთიძის, მარიამ იზორიას, ალექსანდრე მიქაძის, გუგა კოტეტიშვილის, ლევან დადიანის, ბრის მატეის, გერჰარდ შაბელისა და ჰუსეინ ჰაქვერდის ნამუშევრებია წარმოდგენილი.
პროექტის დასახელება – “ჩემი სახლი” შემთხვევითი არ არის, რადგან მისი კონცეფცია მთლიანად ქვეყნის, მისი იდენტობისა და კულტურის დემონსტრირებაა.
გამოფენა საერთაშორისო დამთვალიერებლისათვის იმ ღირებულებათა გაზიარებას გულისხმობს, რითიც საუკუნეების მანძილზე არსებობს და ვითარდება ქართული კულტურა. პროექტის ავტორი ხელოვნებათმცოდნე, „თი-ბი-სი არტ გალერეის“ დირექტორი, ქეთევან კორძახიაა. იტალიაში, ტოსკანის რეგიონში საერთაშორისო არტპროექტი -Vico Vitri Arte უკვე 14 წელია ტარდება და მასში მთელი წლის განმავლობაში იტალიელ მხატვრებთან ერთად უცხოელი არტისტები მონაწილეობენ. ყოველწლიური Vico Vitri Arte საშობაოდ, დიდი სადღესასწაულო ღონისძიებით გვირგვინდება, წელს სწორედ ამ საზეიმო დახურვაზე ქართული პროექტი საგანგებოდ იყო მიწვეული. „ჩემი სახლი” იტალიის შემდეგ, უკვე ქართველ დამთვალიერებელს „თი-ბი-სი არტ გალერეაში“ 15 მაისამდე ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები