ანა დოლიძე: ჩემი გამოცდილება გამოადგება სასამართლო სისტემას

„იმედი მაქვს, რომ ჩემი დიდი გამოცდილება გამოადგება სასამართლო სისტემას“, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დასახელების შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ განაცხადა.
დოლიძის თქმით, მისთვის დიდი პატივია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასახელება, რადგან ყველა იურისტისთვის კარიერის აპოთეოზად სწორედ უზენაესი სასამართლოს წევრობა ითვლება.
„ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასახელება. ეს არის პატივი განსაკუთრებით იურისტებისთვის და, მოგეხსენებათ, ყველა იურისტის კარიერის აპოთეოზად ხშირად სწორედ უზენაესი სასამართლოს წევრობა ითვლება. მე დავბრუნდი საქართველოში, სწორედ იმ გამოწვევით, რომ მემსახურა ჩემი სამშობლოსთვის, რომ მემსახურა საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.
შესაბამისად, დღეს, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და რეფორმირების პროცესი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი, კომპეტენტური კადრების ყოფნა სასამართლო სისტემაში და მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვიღებ ამ დასახელებას.
ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობა, ჩემი გამოცდილება საქართველოში გამოადგება სასამართლო სისტემას და მზად ვარ, რომ როგორც ახლა ვარ სახელმწიფო სამსახურში, გავაგრძელო ქვეყნის სამსახურში ყოფნა.
მოგეხსნებათ, მიმდინარეობს რამდენიმეეტაპიანი რეფორმები სასამართლოში და, მე მგონი, ქართული პოლიტიკური სპექტრის კონსენსუსი არის იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება რეფორმირება. იქ არის აუცილებელი ახალი კადრების მოსვლა. განსაკუთრებით იმ კადრების, რომლებსაც შეხება აქვთ საერთაშორისო სამართალთან, როდესაც შეხება აქვთ ადამიანის უფლებებთან. ადამიანის უფლებების პრინციპების დანერგვა საქართველოში აქტიურად ხდება. მე მზად ვარ, დავეხმარო, ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ამ რეფორმის ფარგლებში ჩემი ინტელექტუალური რესურსით ამ ახალი პროცესების განხორციელებას“,-განაცხადა ანა დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე რამდენიმე წუთის წინ წარადგინა. თუკი მის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ანა დოლიძე უზენაეს სასამართლოში ლევან მურუსიძეს შეცვლის, რომელიც ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები