თინათინ ხიდაშელი: აღარასდროს დავუშვათ თბილისის თავზე წითელი დროშები

დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მივიდნენ.
მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლები.
„ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გრძელდება. ჩვენ -ყველა ერთად მოვიგებთ ამ ბრძოლას,“ – ამ სიტყვებით შეაფასა დღევანდელი დღე საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა.
თავდაცვის მინისტრმა კი 25 თებერვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს დღე ყველას უნდა გვახსოვდეს, რათა აღარასდროს დავუშვათ თბილისის თავზე წითელი დროშები.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე და მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ძალიან სერიოზული შანსი აქვს საქართველოს, დაბრუნდეს საკუთარ ევროპულ ოჯახში. ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ასეთი დღეები, როდესაც უნდა გვახსოვდეს, აღარ დავუშვათ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხოლოდ ისტორიის ტრაგიკული კუთვნილება იყოს 25 თებერვალი,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
„ძალიან მიხარია, რომ ის პატივი, რაც ეკუთვნით ჩვენს გმირებს, ხალხში უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ იუნკერების სახელის ქვეშ, ზოგადად, უნდა იგულისხმებოდეს ის ეროვნული გვარდიელი, შეიარაღებული ძალების მებრძოლიც და მოხალისეც, რომლებმაც თავი დადეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. მიხარია, რომ ქართველებს გვაქვს ასეთი ადგილი ტაბახმელაში, სადაც შეგვიძლია მოვიდეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი გმირები,“ – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.
წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნის პატივსაცემად გმირთა მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებიც იმყოფებოდნენ. ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ღონისძიების დასასრულს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონმა დავით გაბიზაშვილმა იუნკერთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები