საგანმანათლებლო პროექტი – “შეცვალე დამოკიდებულება” გრძელდება

საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო პროექტი “შეცვალე დამოკიდებულება”, რომელიც მოზარდებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ისახავს მიზნად, დღეს N60 საჯარო სკოლაში გაგრძელდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ლექცია-ტრენინგი მეცნიერებათა დოქტორმა ლალი გელაშვილმა ჩაატარა. ის მოსწავლეებს იმ სირთულეებზე ესაუბრა, რომლებსაც დღევანდელ საზოგადოებაში ეს პირები ყველაზე ხშირად აწყდებიან.
შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლები, მოყვანილი იყო კონკრეტული შემთხვევები, გაიმართა დისკუსია.
“N60 სკოლაში 32 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი სწავლობს. შეხვედრას ერთ-ერთი მათგანი, 14 წლის მოზარდი, მშობელთან ერთად ესწრებოდა. ის ეტლით გადაადგილდება, წარჩინებული მოსწავლეა, მოღვაწეობს მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და შესანიშნავად ხატავს, მისი ნამუშევრები კი სკოლის შენობაშია გამოფენილი. მისი დედის, ქალბატონი მზიას განცხადებით, ერთადერთი პრობლემა, რომელსაც ისინი აწყდებიან, შენობების ადაპტირების არქონაა, რადგან, არსებული შენობების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ადაპტირება მათი არქიტექტურის გამო გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. შეხვედრაზე, კურსის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, სკოლის მოსწავლეებმა ტრადიციული კითხვარები შეავსეს. აღნიშნული ტესტის მიზანია, შეხვედრის ეფექტიანობის განსაზღვრა”, – აცხადებენ მერიაში.
შეხვედრას N 60 სკოლაში საბურთალოს რაიონის გამგებელი ესწრებოდა, მან პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავს პროექტებს საბურთალოს რაიონის გამგეობა მომავალშიც აუცილებლად განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები