დავით სერგეენკო სახალხო დამცველს მოუწოდებს, დეტალურად ჩაიხედოს პროცესებში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც უჩა ნანუაშვილი ტყიბულის მაღაროში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სამმხრივი კომისიის ამოქმედებას ითხოვს.
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, იგი სახალხო დამცველს მოუწოდებს, უფრო ღრმად და დეტალურად ჩაიხედოს პროცესებში.
მინისტრი განმარტავს, რომ სამმხრივი კომისიის ფუნქცია არ არის კონკრეტული შრომითი დავების განხილვა, არამედ ეს არის პოლიტიკის და სტრატეგიის შემმუშავებელი საბჭო.
“სახალხო დამცველის პოზიცია არის სახალხო დამცველის პოზიცია, რომელიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ მე აღარ მახსოვს, ეს უკვე მერამდენე მოწოდებაა, რომ უფრო ღრმად და დეტალურად ჩაიხედოს პროცესებში.
კერძოდ, სამმხრივი კომისიის ფუნქცია არის არა კონკრეტული შრომითი დავების ან სხვა რაიმე სახის დავების განხილვა, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეეხება შრომით დავებს. ეს არის პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანო, რომელიც შარშან შეიკრიბა და გამოიტანა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრს დაევალა მედიაცია. ჯანდაცვის მინისტრი უკვე აქტიურად მინაწილეობს ამ პროცესში. ეს მონაწილეობა გამოიხატება კანონით დადგენილი ნორმების აღსრულებაში, როდესაც იქ მივლინებულნი არიან ჩვენ მიერ შერჩეული ადამიანები”, -განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები