მარიამ ვალიშვილი: “გაზპრომთან” შეხვედრები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება შეთანხმება

ჩვენ პრინციპულად არ ვართ წინააღმდეგი, გადავიდეთ თანხობრივ ანაზღაურებაზე, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, “გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა კვლავ შედგება, რადგან წინა შეხვედრაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
“ჩვენ პრინციპულად არ ვართ წინააღმდეგი, გადავიდეთ თანხობრივ ანაზღაურებაზე, რაც საერთაშორისო პრაქტიკაა. ჩვენი გამონაკლისი შემთხვევა იყო, თუმცა კარგი შემთხვევა იყო ჩვენთვის. ჩვენ თანხობრივ ანაზღაურებაზე გადასვლის პრინციპული წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ გააჩნია, რამდენი იქნება ეს თანხა”, – განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.
რაც შეეხება აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, მისი თქმით, 29 თებერვალს იმართება “სამხრეთის გაზის” დერეფნის მინისტერიალი, რომელსაც დაესწრება ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
მარიამ ვალიშვილი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდება ქართულ-აზერბაიჯანული მხარე იმ პრინციპებზე, რა პრინციპებითაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა.
ცნობისთვის, საუბარია იმაზე, რომ საქართველომ გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობის 10%-ის ნაცვლად, რუსეთისგან ფინანსური ანაზღაურება მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები