კახა კალაძე: 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოსთვის

ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორია გიყვართ, დამეთანხმებით, 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოსთვის, -ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
კახა კალაძე საკუთარ განცხადებაში მაშინდელი გმირების ღვაწლზე საუბრობს.
ვიცე-პრემიერის თქმით, მათი სახელები, ხსოვნა და შეწყვეტილი ცხოვრება გვავალდებულებს, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორზეც ისინი ოცნებობდნენ.
“ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორია გიყვართ, დამეთანხმებით, 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოსთვის. ჩვენ ყოველთვის ვებრძოდით სხვადასხვა ჯურის მტერს, და თუ ვმარცხდებოდით, ეს დამარცხებაც ღირსეულად გვიტარებია. ამის პარალელურად, უღირსობაც უსაზღვრო ვიცით, თვითონ, ქართველის ხელით მოტანილი მტრობა და ზიანი ყოველთვის მოუშუშებელ ჭრილობად რჩებოდა ჩვენს ისტორიაში. ასე იყო ამჯერადაც, მოღალატე ქართველების მიერ შემოყვანილი ბოლშევიკური ტერორი დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში, ხანგძლივად და საფუძვლიანად, მოსპო ყველაფერი საუკეთესო, თუ რამე მოვიტანეთ თანამედროვე საქართველოს კარამდე. ამ რეჟიმის საშინელი კვალის წაშლას ჩვენს ცნობიერებაში თაობები დასჭირდება.
თაობები უნდა გაიზარდონ პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დამცველების, გმირების და მათი იდეების საძირკველზე! იუნკერები, მოხალისეები, ოფიცრობა, სტუდენტობა, თავად-აზნაურობა, გლეხობა და ყველა მოქალაქე, ვინც წინ აღუდგა, შეეწირა და ემსხვერპლა გასაბჭოებას, ვინც რეპრესიების წლებში დატანჯეს, შეურაცხყვეს და გააქრეს… მათი სახელები, ხსოვნა და შეწყვეტილი ცხოვრება გვავალდებულებს, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორზეც ისინი ოცნებობდნენ და შექმნიდნენ კიდეც, რომ დასცლოდათ”,-წერს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები