საქართველოს გერმანელ ექსპერტთა ჯგუფი ეწვევა

საქართველოს გერმანელ ექსპერტთა ჯგუფი ეწვევა, რომლებიც ქვეყანაში გერმანული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას შეისწავლიან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილეს შორის გამართული შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.

მიხეილ ჯანელიძემ და მატიას მახნიგმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და მისი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოში გერმანული ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს ქართველ მენეჯერთა პროფესიული განვითარების პროგრამის წამოწყებისთვის, რომელსაც გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრო ახორციელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართთველოში ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმების ახალ პაკეტზე, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს და საგადასახადო, მმართველობისა და პროფესიული განათლების სფეროში საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის გერმანული გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მზარდი შესაძლებლობები ტურიზმის, ინფრასტრუქტურული პროექტების, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ეკონომიკური პარტნიორობის სააგენტომ საქართველოში ტურიზმის სფერო ეკონომიკის მნიშვნელოვან მამოძრავებელ მიმართულებად დაასახელა და ტურისტების მზარდი რიცხვი მკაფიოდ აჩვენებს, რომ საქართველო ტურიზმისთვის მიმზიდველ ქვეყანას წარმოადგენს.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. გაიმართება შეხვედრები გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბუნდესტაგში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები