კომუნალურ ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განცხადებით, კომუნალურ ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ.
როგორც ჩივიაშვილმა აღნიშნა, კომუნალური ვაუჩერები წლების განმავლობაში თბილისის იმ მოქალაქეებს ერიცხებოდათ, რომლებსაც მაღალი შემოსავალი ჰქონდათ.
“დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა ამაზე მსჯელობა, მათ შორის მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში, საკრებულოში და გასულ კვირას უკვე შევიდა მერია საკრებულოში ინიციატივით, რომ იმ ოჯახებმა მიიღონ კომუნალური ვაუჩერები, ვისაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ. ესენი არიან ყველაზე მეტად შეჭირვებული ოჯახები და რეალურად სარგებლობენ არა მარტო კომუნალური სუბსიდიის, არამედ მერიის სხვა სოციალური პროგრამებითაც” , – განაცხადა ჩივიაშვილმა.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ სოციალურად დაუცველები არიან, შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა სოციალურად დაუცველთა ბაზაში.
“თუ მიიღებენ 200 ათას ქულაზე ნაკლებს, რაც საკმაოდ მაღალია, ისინი ყველა ისარგებლებენ ამ შეღავათით. ამ მიმართულებით თანხები მიზნობრივად და ეფექტურად გადანაწილდებს”, – განაცხადა ჩივიაშვილმა.
საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა თბილისის” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ნოემბერ-დეკემბერში თბილისის მოსახლეობა კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს. მისი თქმით, 2016 წლის ბიუჯეტში კომუნალური სუბსიდიის მუხლი 13, 5 მილიონი ლარით მცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები