ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მესტიაში სალოტბარო სკოლას ხსნის

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლების გახსნის პროცესს განაგრძობს. 24 თებერვალს, მესტიაში მორიგი სალოტბარო სკოლა გაიხსნება. ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 14 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს კი მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. კერძოდ, სკოლების გახსნა მესტიის გარდა, უკვე დაგეგმილია ბაღდათის, ონისა და ცაგერის რაიონებშიც. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიების დასასრულს, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხუცეს მომღერალს, ისლამ ფილფანს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლეს ჯილდოს – „ხელოვნების ქურუმი“ გადასცემს. მნიშვნელოვანია, რომ უკვე მე-4 ლოტბარია, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა აღნიშნულ ნომინაციაზე წარადგინა.
ისლამ (ეფთიმე) ფილფანი თავიდანვე გამოიჩეოდა სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით. სკოლის მოსწავლე მესტიის ანსამბლში ჭუნირზე უკრავდა და მღეროდა. შესანიშნავი მუსიკალური მონაცემების მქონე, სიმღერის ყველა ხმას ერთი მოსმენით იმახსოვრებდა. თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დედაქალაქში დარჩენაც შესთავაზეს, მაგრამ ისლამმა ოჯახი ვერ მიატოვა და სვანეთში დაბრუნდა. სიმღერის მასწავლებლად მუშაობდა საშუალო და სამუსიკო სკოლებში. მალე სამუსიკო სკოლის დირექტორადაც დაინიშნა და სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “რიჰო” ჩამოაყალიბა, რომელსაც დღესაც ხელმძღვანელობს. ისლამ ფილფანს დიდი დამსახურება მიუძღვის სვანური სიმღერის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდობის აღზრდაში.
2015 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენის, მოვლისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა ეტაპობრივად დაიწყო. 2016 წლისათვის დაგეგმილია ყველა სალოტბარო სკოლისათვის საკრავებისა და ინვენტარის შეძენა და ინფრასტრუქტურის გამართვა. წარმომადგენლობების (ცენტრების) საქმიანობის ძირითადი მიზანია: ეთნოფორებთან მუშაობა, ფოლკლორული მასალების მოძიება, ჩაწერა-დაფიქსირება, არქივის შექმნა და ბაზის გამდიდრება. ადგილობრივი ცენტრების საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მხარეა მომავალი თაობისათვის სწავლება, ადგილობრივი კადრებისა და სპეციალისტების აღზრდა, ქართულ ფოლკლორში კუთხურობის შენარჩუნება და დამკვიდრება. ამ მიზნით, უკვე გახსნილ წარმომადგენლობებში შექმნილია სალოტბარო სკოლები – სიმღერა-გალობა და ქორეოგრაფიული განყოფილებები, მალე გაიხსნება ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები