დავით ნარმანია: თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ოთხი შპს გაერთიანდა
თბილისის მერიის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ოთხი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გაერთიანდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ საზოგადოებას დროული და სწორი ინფორმაცია მიეწოდოს. ასევე დავით ნარმანიამ მის მოადგილეებს დაავალა, რომ გეგმა, რომელიც მათ აქვთ, გააცნონ საზოგადოებას.
“თბილისის მერიაში სტრუქტურული ოპტიმიზაციის საკითხები გულისხმობს ცალკეული სამსახურების შერწყმას. ოთხი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებაში იყო, გაერთიანდა; “თბილსერვისს ჯგუფს” შეერწყა “უძრავი ქონება – თბილისი”, “თბილისის პარკები” და “სინათლის ქალაქი”, ასევე “მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის” უფლებამოსილება გადავიდა ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში.
პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ საზოგადოებას დროული და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ვავალებ ჩემს მოადგილეებს, რომ უახლოეს დღეებში, გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, გავაცნოთ საზოგადოებას, განვიხილოთ და წარვუდგინოთ როგორც დედაქალაქის საკრებულოს, ისე მასმედიის საშუალებებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.