დავით ნარმანია: 2015 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა
„2015 წელს ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ნარმანიას თქმით, ბიუჯეტის შესრულების მსგავსი მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში.
“ბიუჯეტი 2015 წელს გადაჭარბებით შესრულდა და 101 პროცენტი შეადგინა, ხოლო ხარჯვითი ნაწილის მაჩვენებელმა – ათვისების 97 პროცენტი. ხარჯების ძირითადი ნაწილი მიმართული იყო როგორც ჯანდაცვაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე განმარტებით, წელს ბიუჯეტის ანგარიშიდან დარჩენილი ნაშთიდან თანხები მიმართული იქნება როგორც კეთილმოწყობის სამსახურის სამუშაოებზე, ასევე ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, როგორიც არის მეტროს მოდერნიზაცია, ქალაქში ახალი სანათი წერტილების მოწყობა, ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა და სტიქიასთან დაკავშირებული ღონისძიების დაფინანსება.