ლეონიდ ჩერნოვეცკი: დავხარჯავ იმდენ ფულს, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციებმა ხალხი ვეღარ გაძარცვონ

პარტია „ბედნიერი საქართველოს“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების საკითხების საკანონმდებლო დონეზე გადაჭრის ინიციატივით გამოდის და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს.
როგორც ჩერნოვეცკი ამბობს, ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციები, ლომბარდები და სხვა მსგავსი ტიპის საფინანსო ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობას ძარცვავენ.
პარტიის ლიდერი მზად, არის კანონპროექტის შემუშავების დაფინანსებასთან დაკავშირებით სახსრები საკუთარი ბიუჯეტიდან გაიღოს, რათა არცერთ საფინანსო ინსტიტუტს არ ჰქონდეს უფლება, გასცეს სესხი, რომლის წლიური პროცენტი 50 პროცენტზე მეტი იქნება.
ლეონიდ ჩერნოვეცკის ღია წერილს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციები, ლომბარდები და სხვა მსგავსი ტიპის საფინანსო ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობას ძარცვავენ.
ამას ბოლო უნდა მოეღოს!
დღეს მინდა მოგმართოთ ინიციატივით, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას ეხება. საქართველოს მოქალაქეებს უდიდესი პრობლემა აქვთ, მათ უმეტესობას აქვთ სესხები და დღითიდღე სულ უფრო და უფრო უჭირთ მათი დაფარვა.
მართალია, დასავლური სამყაროც სესხებით ცხოვრობს და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ის პირობები, რომლებიც საქართველოს საფინანსო დაწესებულებებს (ონლაინ–საკრედიტო ორგანიზაციები, ლომბარდები და ა.შ) აქვთ (წლიური 300-400-700 პროცენტი) – ეს არის ძარცვა და კრიმინალი.
სამწუხაროდ, ათობით არასაბანკო ორგანიზაცია არსებობს, რომელიც გასცემს სწრაფ ონლაინსესხებს და სხვა სახის კრედიტებს წლიურ 300-700 და უფრო მეტ პროცენტად, რაც მსოფლიო მასშტაბით არარეალურია და დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს მოსახლეობას, რის შედეგადაც მოქალაქეები აღებული ვალდებულებებიდან გამოსავალს ვეღარ პოულობენ.
ახალგაზრდები, სტუდენტები, სოციალურად დაუცველები და არა მარტო ისინი, იძირებიან უზარმაზარ კრედიტებში, რომლებსაც ვერ ფარავენ და, აქედან გამომდინარე, მათი ცხოვრების უმთავრესი ნაწილი – ახალგაზრდობა – დიდი პრობლემებით იწყება. სამწუხაროდ, უამრავი შემთხვევაა, როცა ასეთი მოუგვარებელი პრობლემები ფატალურად მთავრდება. ეს ახალგაზრდები იწყებენ კრიმინალურ, უკანონო საქმიანობას, ან კიდევ უფრო მძიმე კანონდარღვევებს სჩადიან და ტრაგიკულად ამთავრებენ სიცოცხლეს.
ჩვენი საერთო მიზანია – ავაშენოთ ბედნიერი საქართველო, სადაც დაცული იქნება საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპები და სადაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე იზრუნებს. ის, რაც ახლა ხდება, არის სახელმწიფოს დანაშაული თავისი ხალხის წინაშე, რადგან გამოუცდელ ახალგაზრდებსა და უბრალო, გაჭირვებულ მოქალაქეებს კრედიტების მახეში აბამენ და მხოლოდ ერთეულებს შეუძლით სწრაფად დააღწიონ თავიანთ პრობლემებს.
კრედიტები ყოველგვარი შემოწმების გარეშე გაიცემა, არ მოწმდება, რამდენად გადახდისუნარიანია მოქალაქე, ეს კი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების პირდაპირი დარღვევაა. სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს პრევენციული ზომების გატარებაზე. ამ საქმიანობით უდიდეს მოგებას ნახულობენ ამ საქმეში ჩართული “ბიზნესმენები”, რომლებიც უკვე გახდნენ ადამიანების უბედურების მიზეზი.
მიმაჩნია, რომ დადგა დრო, დასრულდეს ამ მძარცველი ბიზნესმენების ერა, რომ ქვეყანამ დაიწყოს ცხოვრება ისე, როგორც ჩვენ – ყველას გვინდა – ევროპულად და ღირსეულად…
ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და ამ არანორმალურებს არ მივცეთ უფლება, დაუნგრიონ ახალგაზრდებს მომავალი და თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ ხალხის პრობლემები. გამოსავალი კი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა გაიცეს კრედიტები, რომლის დასაფარადაც მოსახლეობას უწევს სამჯერ, ოთჯერ და ზოგჯერ რვაჯერ მეტის გადახდაც კი, ვიდრე არის ის თანხა, რაც მათ სესხის სახით აიღეს. მზად ვარ, დავხარჯო იმდენი ფული, რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეზღუდავს სესხების გაცემას მსგავს უზარმაზარ პროცენტებში და სესხები დაექვემდებარება რეალურ საპროცენტო განაკვეთებს.
ბატონო გიორგი, მოგმართავთ ინიციატივით, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე გადავწყვიტოთ, რომ არცერთ საფინანსო ინსტიტუტს (ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაცია, ლომბარდი თუ სხვა) არ ჰქონდეს უფლება, გასცეს სესხი, რომლის წლიური პროცენტი 50 %-ზე მეტი იქნება. და აგრეთვე მნიშვნელოვანია, კრედიტები მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულმა დაწესებულებებმა გასცენ! ამ პრობლემების მოგვარება შეიძლება სისტემურად და მხოლოდ შესაბამისი კანონის მიღების საფუძველზე, რომელიც ამ უკვე აპრობირებული ხერხით ხალხის ძარცვას ნებისმიერ ორგანიზაციას აუკრძალავს.
10 წლის განმავლობაში უკრაინაში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მმართველი და მფლობელი გახლდით. მზად ვარ, პირადად გავუზიარო ყველას მთელი ჩემი გამოცდილება, რაც ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებსაც მოუტანს სარგებელს და მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესდებით ამ კანონპროექტის შემუშაებით და აღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობას წარუდგენთ.
P.S. ძალიან სამწუხაროა, რომ არ უპასუხეთ ჩემს წერილს, რომელიც ეხებოდა ბანკების მიერ მოსახლეობისთვის გაცემულ კრედიტებს უკანასკნელი საცხოვრებლის უზრუნველყოფით და შემდეგ მათ ქუჩაში გაყრას! დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ჩემსავით გაღელვებთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხი… თუ შესაბამისი კანონპროექტის შემუშავების დაფინანსებასთან დაკავშირებით გექნებათ პრობლემა, მზად ვარ, ამისთვის ჩემი საკუთარი ფული დავხარჯო“,- წერია ღია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები