ნინო გვენეტაძე: პრობლემები, რომლებზეც დღეს მოსამართლეებმა ისაუბრეს, კოლეგიის მოსამართლეებთან განიხილება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საოლქო სასამართლოების კოლეგიების წარმომადგენლებთან სამომავლოდ შეხვედრებს გამართავს და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრებს – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ საქალაქო სასამართლოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრობლემები, რომლებზეც დღეს მოსამართლეებმა ისაუბრეს, მათ შორის, საქმეთა განაწილების წესი, ასევე საორგანიზაციო საკითხები, თითოეული კოლეგიის მოსამართლეებთან განიხილება. გვენეტაძის თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემებია საქმეთა დიდი ნაკადი, მოსამართლეთა რიცხვის სიმცირე, ასევე არანორმირებული სამუშაო დრო. თუმცა როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატით ვერ გადაწყდება და საჭიროა სათანადო თანადგომა როგორც კანონმდებლობით, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რათა დროულად მოხდეს საშტატო ერთეულების დამატება და ფინანსური უზრუნველყოფა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, დღეს პრობლემებზე უნდა ყოფილიყო საუბარი, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს ვერ განუსაზღვრავდა საუბრის ფორმატს. “ეს მათ გადაწყვიტეს”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მისი თქმით, მოსამართლეები ორიენტირებულები არიან პრობლემების გადაწყვეტაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები