„ბავშვი საერთოდ არ არსებობს, მხოლოდ ჩოჩნხი ჩამოვიტანეთ“ – ფონიჭალაში გარდაცვლილი დედა-შვილი ქობულეთში გადაასვენეს
ფონიჭალაში მოკლული, 35 წლის ნონა რომანაძის და მისი სამი წლის გოგონას ცხედარი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მიასვენეს.
„გურიის მოამბესთან“ საუბარში მოკლულის ბიძა – გენო ბერაძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოკლული ქალბატონი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა.
„ეს არასწორი ინფორმაციაა. ეს იყო ჩემი ძმისშვილის პირველი ქორწინება. შოკში ვართ ამ უბედურებით. პატარა ბავშვი საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ ჩონჩხი ჩამოვიტანეთ. არანაირი პრობლემა მასსა და მეუღლეს შორის არ ყოფილა. არ შემიძლია, რაიმე ვერსიაზე ვისაუბრო. შოკირებული ვართ ყველა“,- აცხადებს მოკლულის ბიძა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გოგონა საკუთარ საწოლში დამწვარი იპოვეს, დედას კი ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. ახლობლები მომხდარში მოკლულის მეუღლის კავშირზე საუბრის საფუძველს ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
ოჯახი ვარაუდობს, რომ ქალბატონს ჯერ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და მოკლეს, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდეს.
შეგახსენებთ, რომ ნონა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო მისი 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ბინიდან, სადაც დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს, თანხა წაღებული არ არის. როგორც უწყებაში აცხადებენ, ტრაგიკული შემთხვევა, მაღალი ალბათობით, არ უკავშირდება ყაჩაღობას. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.