მოსამართლე: საქალაქო სასამართლო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს” დაემსგავსა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარისა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შორის შეხვედრაზე, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიმართ რამდენიმე ბრალდება გაისმა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ განაცხადა, ყოფილ თავმჯდომარესთან უამრავი პრობლემა არსებობდა.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან უამრავი პრობლემა არსებობდა. იმ დროს დამაწერა საქმეები განსახილველად, როცა მე შვებულებაში ვიყავი. ყოფილმა თავმჯდომარემ არ დაიმსახურა ის, რომ ჩვენ დღეს მის გვერდით ვყოფილიყავით. უამრავი პრობლემა იყო მენეჯმენტის საკითხებში. როდესაც რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად მამუკა ახვლედიანს მოვიკითხავდით, ის ყოველთვის მივლინებაში იყო”,- განაცხადა მოსამართლემ.
გარდა ამისა, მამუკა ახვლედიანის მიმართ უკმაყოფილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლია ორკვირაშვილმაც გამოთქვა.
“გულისტკივილი მინდა გამოვხატო. მეამაყება, რომ მოსამართლე ვარ, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ. მე როგორ უნდა მიმითითოს მამუკა ახვლედიანმა? როდესაც ჩვენ ვხვდებოდით იუსტიციის საბჭოს სხდომებზე, არცერთხელ თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია. იმ პერიოდში ვიყავი მოსამართლე, როდესაც ხმის ამოღება გვიჭირდა. მიუღებელია, მოვისმინო საყვედურები ისეთი პიროვნებისგან, რომელსაც ერთი საქმეც კი არ აქვს განხილული. სისხლის სამართლის კოდექსში მამუკა ახვლედიანს არცერთი საქმე არ განუხილავს, არცერთი დამოუკიდებელი აზრი არ გამოუთქვამს, ძალიან გთხოვთ, მას გმირად ნუ გამოიყვანთ. ჩვენი კანონმდებლობით, მამუკა ახვლედიანი ჯერ უნდა იყოს მოსამართლე და მერე მენეჯერი. როდესაც ჩვენ გვაქვს 100-150 საქმე, არ შეუძლია ერთი საქმე მაინც განიხილოს”? – განაცხადა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ.
მამუკა ახვლედიანის მიმართ ასევე უკმაყოფილოა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ლეილა მამულაშვილი. მისი თქმით, 8 თვის განმავლობაში მას მხოლოდ ორჯერ ესაუბრა და ისიც ტელეფონის საშუალებით.
“თბილისის საქალაქო სასამართლო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებს” დაემსგავსა, რადგან მამუკა ახვლედიანმა სასამართლოში, ძირითადად, მეუღლის მეგობრები დაასაქმა. ადამიანი, რომელსაც ერთი გადაწყვეტილება არ გამოუტანია, მე, როგორც მოსამართლეს, შეურაცხყოფა არ უნდა მომაყენოს. ახვლედიანმა განაცხადა, რომ სასამართლოში საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეები არიან. მე პირადად, ამ სიტყვებით შეურაცხყოფილი ვარ. 8 თვის განმავლობაში ორჯერ ვესაუბრე მამუკა ახვლედიანს და ისიც ტელეფონის საშუალებით. ახვლედიანმა, როგორც თავმჯდომარემ, ყველა კომფორტი გამოიყენა, ყველა შეღავათით სარგებლობდა. საზღვარგარეთ მივლინებებში დადიოდა. კი ბატონო, წავიდეს, როგორც თავმჯდომარე, მაგრამ უკან დაბრუნებულმა შთაბეჭდილებები მაინც გაგვიზიაროს”, – განაცხადა ლეილა მამულაშვილმა.