ლევან მურუსიძე: გვინდა, რომ საქალაქო სასამართლოსა და საბჭოს შორის თანამშრომლობა ინტენსიური იყოს
ბუნებრივია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეხვდეს მოსამართლეებს და დაიგეგმოს მომავალი თანამშრომლობის საკითხები, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მოსამართლეების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრა მოსამართლეთა მხარდაჭერის გამო არ იმართება.
„გუშინ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და, ბუნებრივია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეხვდეს მოსამართლეებს და დაიგეგმოს მომავალი თანამშრომლობის საკითხები.ზოგადად, ის პრობლემები, რომელიც იყო საქალაქო სასამართლოში, რომ არ გაგრძელდეს, გვინდა, გავიგოთ მათი პოზიციები. თანამშრომლობა საქალაქო სასამართლოს და საბჭოს შორის უნდა იყოს ინტენსიური“, – განაცხადა მურუსიძემ.
ამასთან, მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს, რომ მოსამართლეთა ტესტებთან წვდომა ჰქონდა ნინო გვენეტაძეს, ლევან მურუსიძემ სპეკულაცია უწოდა.
“არაფერი დაიმალება, რეალურად, მე ვგავარ იმ ადამიანს და მეტყობა, რომ ვიმალები? ყველა მასალა საბჭოს გადაწყვეტილებით პროკურატურას გადაეცემა და მეც მზად ვარ თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში მოსამართლეებს ხვდებიან.