დავით ნარმანია სამუშაო შეხვედრას – „მერები, ლიდერები ცვლილებებისთვის“ დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია ლიდერობის შესახებ სამუშაო შეხვედრას – „მერები, ლიდერები ცვლილებებისთვის“ დაესწრო.
შეხვედრა თემატური პროექტის – „ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება“ – ფარგლებშია ორგანიზებული.
სემინარი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მიერ იმართება და ის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთ-ერთი პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგით იმ მიდგომების შემუშავება, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ცალკეულ ქვეყნებში თვითმმართველობის შემდგომი განვითარებისთვისაა აუცილებელი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა ორ ნაწილად განხორციელდა. პირველი სესია გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, დღევანდელი ღონისძიება კი – ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებს, ადგილობრივი ღირებულებებისა და ინტერესების დაცვასთან დაკავშირებულ თემებს მოიცავს.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოძახილია.
„აღნიშნული პროგრამა არის მნიშვნელოვანი გამოძახილი იმ მჭიდრო თანამშრომლობისა, რაც ჩვენ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობების რეგიონულ კონგრესთან, ევროსაბჭოსთან, რომლის ფარგლებშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ხორციელდება აღნიშნული პროგრამა და მასში ჩართულია საქართველოში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობებიც. მერები და გამგებლები, დღეს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას იზიარებენ. ხდება გამოცდილების ურთიერთგაზიარება ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონიმიკური განვითარება, პროექტების მენეჯმენტი, სწორი კომუნიკაცია იმისათვის, რომ პროექტები და პროგრამები, რომლებსაც ჩვენ ხალხისთვის ვახორციელებთ, მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი იყოს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები