მთავარ პროკურატურას თურქეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას წარმოადგენდნენ: თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იუქსელ ქოჯამანი, საერთაშორისო სამართლის და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის დირექტორის მოადგილე აჰმეთ ბაშარანი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დაკავების ცენტრების გენერალური დირექტორატის დეპარტამენტის უფროსი ჰალილ იბრაჰიმ დიზმანი, საერთაშორისო სამართლის და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის გამომძიებელი მოსამართლე ნურსელ ერდემი, თურქეთის ელჩი საქართველოში ლევანტ გუმრუკცუ და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი აჰმეთ სონერ ენსაროღლუ.
ირაკლი შოთაძემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პროკურატურის დელეგაციის მასპინძლობისთვის. პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ სტუმრებს პროკურატურის ორგანოების ძირითადი ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის თავისებურებები გააცნო. ასევე საუბარი შეეხო უწყების პრიორიტეტებსა და პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებს.
შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვაში. ასევე შეთანხმდნენ მომავალში ურთიერთგამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი სასწავლო სემინარების ორგანიზებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები