ადამიანის უფლებათა დაცვის წევრებმა გენდერული სამართლიანობის შესახებ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს

საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის წევრებმა გენდერული სამართლიანობის შესახებ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის წევრებმა და სამდივნოს თანამშრომლებმა პროექტის „გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ხელშეწყობის გზით“ ფარგლებში ორდღიან ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 22-23 თებერვალს გაიმართა, მონაწილეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც გენდერულ თანასწორობას, ადამიანის უფლებებისა და ქალთა უფლებების ცნების განვითარებას, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციას ეხებოდა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ასევე გაეცნენ გენდერული თანასწორობის სფეროში არსებულ ძირითად საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმებს.
ტრენინგის ფარგლებში განიხილეს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის გეგმის ძირითადი პრინციპები და მიზნები, გენდერული მიდგომების დანერგვა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, ბიუჯეტის გენდერული ანალიზი და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის დაგეგმვის საბაზისო ხერხები.
ტრენინგის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია თემებზე: ძალადობა ქალთა მიმართ და ოჯახში, ძალადობა – როგორც გენდერული პრობლემა და გენდერული უთანასწორობის შედეგი და მოისმინეს ინფორმაცია ევროსაბჭოს კონვენციაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე, გენდერული მეინსტრიმინგისა და გენდერული ბიუჯეტის საბაზისო პრინციპებზე, გენდერული მიდგომების სისტემური ინტეგრაცია – პოლიტიკის განხორციელებაზე.
ტრენინგი ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და არასამთავრობო ორგანიზაცია Oxfam-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები