კახა კოჟორიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე: ამ ორგანოს ძირეული რეფორმები სჭირდება

საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ საბჭოს სჭირდება სასწრაფო და ძირეული რეფორმები – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების თემაზე გაკეთებული განცხადებისას აღნიშნა.
კოჟორიძის თქმით, მან არ იცის, რამდენად საფუძვლიანია იუსტიციის საბჭოს პრეტენზიები ახვლედიანის მიმართ, მაგრამ ყველა მათგანი აბსოლუტური ჭეშმარიტება რომც ყოფილიყო, საბჭოს მაინც არ შეეძლო იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც გუშინ მიიღო.
“საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ საბჭოს სჭირდება სასწრაფო და ძირეული რეფორმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში, არღვევს კანონს სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში, არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით და ყველაზე უკეთ იმას, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები, თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს.
ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ხელეწიფება რეფორმების გატარება, დაუყოვნებლივ მოახდინოს ამ ორგანოს ძირეული რეფორმა. ჩვენ ვგულისხმობთ საკანონმდებლო რეფორმებს, რომლებიც არ მისცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში ისეთი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, როგორიც აქამდე მიიღეს.
მათ დაარღვიეს საკუთარი კრიტერიუმები და იმედი გვაქვს, როცა კანონის დონეზე გაიწერება ეს კრიტერიუმები, კანონს მაინც ვერ დაარღვევენ. ასევე, გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კანონით შეიძლება პროცედურების უფრო ნათლად გაწერა, რომ საბჭოს არ დარჩეს საკუთარი ინტერპრეტაციის მოხდენის საშუალება”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები