ლევან მურუსიძე: მამუკა ახვლედიანი იყო არაეფექტური მენეჯერი, შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლდა

მამუკა ახვლედიანთან, როგორც მოსამართლესთან, იუსტიციის საბჭოს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ის დღესაც მოსამართლეა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან მურუსიძის განმარტებით, ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლება იმ მენეჯმენტის გამო მიიღო, რომელიც სასამართლოში ხორციელდებოდა.
“მამუკა ახვლედიანთან, როგორც მოსამართლესთან, იუსტიციის საბჭოს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ის დღესაც მოსამართლეა, მას უფლება აქვს, დღესაც და მომდევნო დღეებშიც დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, რომელიც არის სასამართლოში და არავინ აპირებს ამ გამოთქმებთან დაკავშირებით, რასაც ის აკეთებს, რაიმე დევნა განხორციელდეს. ის რჩება მოსამართლედ. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეალურად ის მენეჯმენტი, რომელიც საქალაქო სასამართლოში ხორციელდება, არ ემსახურებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს – არ იმყოფებოდა ხშირად სასამართლოში, რეალურად ეჭვი დგებოდა საქმეთა მართლზომიერ გადანაწილებებზე და საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მენეჯმენტის კუთხით.
ის იყო არაეფექტური მენეჯერი, შესაბამისად მოხდა მისი თავმჯდომარეობიდან გადაყენება, მაგრამ მას, როგორც მოსამართლეს, არავითარი უფლება არ შეზღუდვია”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მისივე თქმით, მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებული იქნა მისი ბიულეტენის ვადის ამოწურვის და სამსახურში დაბრუნების შემდეგ.
“თავად აცხადებს, რომ ის ბიულეტენზე იყო 21 რიცხვის ჩათვლით. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს განიხილა 22 რიცხვში. თუ ადამიანი ბიულეტენზეა, ის სახლში უნდა იყოს. თუმცა ის აქტიურად დადიოდა სამსახურში, ესეც გამოსაკვლევი საკითხია”, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები