მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებულ მოკვლევას ეჭვქვეშ აყენებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მისი თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების შესახებ, გადაწყვეტილება დარღვევებით მიიღო.
მამუკა ახვლედიანმა ტესტების წინასწარ გამჟღავნების სკანდალზეც ისაუბრა, ახვლედიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებულ მოკვლევას ეჭვქვეშ აყენებს.
“ტერმინი “მოკვლევა“ – მგონი, შევარდნაძის ბოლო წლებშიც აღარ იყო. ჩემთვის გასაკვირია, როდესაც საბჭოს მდივანი, რომელიც არის იმ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, თვითონვე ახდენს თავის კომისიაში, კომისიის გარეშე ე.წ. მოკვლევას და შემდგომ კაცმა არ იცის, რა მასალები გადააგზავნეს პროკურატურაში, როგორ გამოარკვია ეს საკითხები, როდესაც ამ საკითხში ჩართულია სასამართლო სისტემის ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გამოჰკითხა ეს ხალხი, თუ როგორ გაიგო, რომ არავინ არის ჩართული ამ საკითხებში. მე ვერცერთ ადამიანს ხელს ვერ დავადებ, იმიტომ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით არ ვიცი, შეიძლება არა მარტო ერთი, ბევრიც იყოს ჩართული. მე ძალიან მაინტერესებს რატომ იყო დუმილი 3 თვის განმავლობაში ამ საკითხებზე და რა მოიკვლია საბჭომ, ბევრი დარღვევა იყო ამ გამოცდების პერიოდში. როცა უზენაესი სასამართლოს თვამჯდომარე და მოსამართლეები არიან ჩართული, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს პროკურატურა და პარლამენტში ამ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაც არ გამოირიცხება“, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გუშინ გაათავისუფლა.
მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოს წესით გაასაჩივრებს. მისივე თქმით, საბჭოს გუშინდელი მოქმედება იმ პრობლემური საკითხების გადაფარვის მცდელობაა, რომელიც სასამართლოს სისტემაში არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები