საქართველოში პირველად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

24 თებერვალს, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში პირველად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. მთელი დღის მანძილზე იგეგმება თანამედროვე ქართველი ავტორების სტუმრობა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, როგორც თბილისში ასევე სხვა რეგიონებში, და საჯარო კითხვის მოწყობა, ღონისძიებაში ჩაერთვებიან წიგნის კლუბები, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციები, რომლებიც ასევე უმასპინძლებენ ავტორებს ან მათი წარმომადგენლები წიგნის კითხვის აქციით თავად მისცემენ მაგალითს საზოგადოებას.
აღნიშნული აქტივობების შემდეგ იმავე დღეს, 18:30-ზე საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება პროექტის დასკვნითი ღონისძიება, სადაც მოწვეული ავტორები საჯაროდ წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს და იქვე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დაწესდება ტრადიციული პრემია და წელს პირველად გამოვლინდება „წლის წიგნის ქომაგი“.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და ღონისძიებაში მონაწილეების რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს. ასოციაცის მიზანია, საქართველო შეურთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. მნიშვნელოვანია ასევე ღონისძიების მასშტაბურობა – ლოკალური და რეგიონული მასშტაბით წიგნის ავტორების, უნივერსიტეტების, სკოლების, წიგნის მაღაზიებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციას. წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე საქართველოში წიგნთან და ლიტერატურასთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის. წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ქვეყნის მასშტაბით ოთხ ქალაქში გაიმართება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. მოეწყობა წიგნის კითხვის ცენტრები, სადაც მკითხველი შეხვდება თანამედროვე ქართველ ავტორებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები