„ვეტერანებს ჯანდაცვის მომსახურება 100% – ით დაუფინანსდებათ“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ვეტერანთა ჰოსპიტალისა და ვეტერანების ჯანდაცვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მართებული იყო ის გადაწყვეტილება, რომ ჰოსპიტალმა, როგორც ჯანდაცვის დაწესებულებამ, ლიცენზია ვერ მიიღო.
ვოლსკის განცხადებით, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო სტანდარტების მქონე ერთ-ერთ კლინიკასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
სანამ ვეტერანებს საკუთარი ახალი ჰოსპიტალი ექნებათ, სწორედ ამ კლინიკაში გაივლიან მომსახურებას. დეპუტატის განცხადებით, ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამებით მათ მკურნალობის თანხების დიდი რაოდენობა უფინანსდებათ, თუმცა ვეტერანებს არც დარჩენილი მცირე პროცენტის გადახდა არ უხდებათ და იმ თანხებს, რასაც ჯანდაცვის პროგრამა არ აანაზღაურებს, მათთვის სახელმწიფო ფარავს.
„სახელმწიფო ვეტერანთა ჰოსპიტალის შენობაზე და იქ მომსახურებაში დაახლოებით 800 000 ლარს ხარჯავდა, საიდანაც მხოლოდ 14 პროცენტი მიდიოდა ჯანდაცვაზე, დანარჩენი იყო საკმაოდ მწირი სახელფასო თანხები და უშველებელი კომუნალური ხარჯები.
შენობას ათბობდნენ დენით. ვფიქრობ, მართებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამ დაწესებულებას, როგორც ჯანდაცვის დაწესებულებას ლიცენზია არ ჰქონოდა. იქ ძალიან რთულია ჯანდაცვის მხრივ მომსახურება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო სამსახურმა გააფორმა დროებითი ხელშეკრულება ერთ-ერთ კლინიკასთან, სანამ ვეტერანებს ცალკე შენობა ექნება. ამ თანამედროვე აპარატურით აღწურვილ კლინიკაში ვეტერანები სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ. ვიყავით კლინიკაში, ვნახეთ ვეტერანებიც. რომლებიც იმ დროისთვის იქ იყვნენ განთავსებულნი. საკმაოდ მაღალი დონის საერთაშორისო პირობებია და, გარდა ამისა, ჯანდაცვა უზრუნველყოფს მომსახურების დიდი პროცენტით დაფარვას, მომსახურების დარჩენილ პროცენტებს კი სახელმწიფო დაფარავს. ვეტარანებს ჯანდაცვის მომსახურება 100%-ით დაუფინანსდებათ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკიმ ვეტერანებისთვის ახალი პროთეზების წარმოების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით საერთაშორისო სტანდარტის პროთეზების წარმოება დაიწყო, რითაც უკვე მრავალი ვეტერანი სარგებლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები